სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთ–ერთი მთავარი ძლიერი მხარეა, რაც აღიარებულია ბოლო წლებში საქართველოსთან მომუშავე სარეიტინგო სააგენტოების „Standard & Poor’s“-ის, „Fitch“ –ის და „Moody’s“-ის მიერ. აღნიშნული მიღწეულ იქნა წლების მანძილზე სახელმწიფო საგარეო ვალის პრაგმატული და კონსერვატიული მართვის შედეგად, აგრეთვე ქვეყნის მიერ მოზიდული სასესხო რესურსის ეროვნული განვითარების და საინვესტიციო პრიორიტეტების შესაბამისად გამოყენების მეშვეობით. ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ძირითადად შეღავათიანია. უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დასაფინანსებლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია მოიზიდოს სახელმწიფო სესხები უცხო ქვეყნების მთავრობებიდან და რეგიონული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2008 წელს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა ევროობლიგაციების სადებიუტო გამოშვება. აღნიშნულმა ტრანზაქციამ ქვეყანა გააცნო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებს და მრავალ მსხვილ ინსტიტუციონალურ ინვესტორს და შესაბამისად წარმოადგენდა ქვეყანაში დივერსიფიცირებული კაპიტალის შემოდინების წახალისების სტრატეგიის ერთ–ერთ საკვანძო ელემენტს. 2011 წელს საქართველომ წარმატებით გამოუშვა მეორე, ამჯერად 10-წლიანი ევროობლიგაცია რომლის ფინანსური პარამეტრები მიმზიდველობის თვალსაზრისით გაუთანაბრდა უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებს. ამ ტრანზაქციის ფარგლებში მოხდა 2008 წელს გამოშვებული 5-წლიანი ევროობლიგაციის წინსწრებით გამოსყიდვა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა 2013 წელს ერთჯერადად გადასახდელი ძირითადი თანხა და შესაბამისად კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადა სახელმწიფო ვალის დაფარვის გრაფიკი.

სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. სამინისტრო აწარმოებს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ემისიას შიდა ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ფასიანი ქაღალდების ემისია აგრეთვე უზრუნველყოფს ბიუჯეტის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მაღალი სანდოობის მქონე კაპიტალის მოზიდვის გზით.

 

 


სახელმწიფო ვალის ხელსაყრელი სტრუქტურა და ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი

სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი (31 დეკემბერი 2016) წარმოადგენს მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%-ს. ამ საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან და ძირითადად შეღავათიანია. სახელმწიფო საგარეო ვალის ასეთი ხელსაყრელი სტრუქტურა საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას ძალიან დაბალი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ წლიური 2.03%-ის ოდენობით.

მთავრობის საგარეო ვალი: მომსახურების დაბალი კოეფიციენტები

 

 

მზარდი საბიუჯეტო შემოსავლები, ძალიან დაბალი საშუალო საპროცენტო განაკვეთი და ვალის დაფარვის შეღავათიანი გრაფიკი ძირითადი თანხების დაბალი და ადვილად ხელმისაწვდომი ყოველწლიური გადასახდელებით - ეს არის იმ ძირითადი ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებიც უზრუნველყოფენ მთავრობის საგარეო ვალის მომსახურების კოეფიციენტების სტაბილურად დაბალ დონეს და კლებად ტენდენციას. ნებისმიერი ერთი ფისკალური წლის განმავლობაში ვალის მომსახურებაზე მიიმართება საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, რაც საშუალებას იძლევა რომ საბიუჯეტო ასიგნებები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე.

 

 

სახელმწიფო საგარეო ვალის (31 დეკემბერი 2016) პორტფელის 70% შედგება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტებისგან. ეს გარემოება ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პარამეტრების დაცულობას საპროცენტო განაკვეთების ეგზოგენური რყევებისგან და უზრუნველყოფს ამ ვალის მომსახურების ხარჯების შენარჩუნებას დაბალ და ადვილად ხელმისაწვდომ დონეზე მიუხედავად გაურკვეველი გლობალური ეკონომიკური სიტუაციისა.

 

 

ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ევროობლიგაციების მეორადი ბაზრის ფასი ძირითადად აღემატება ნომინალურ ფასს (par value), ხოლო შემოსავლიანობა (yield) მნიშვნელოვნად შემცირდა. ფასის/შემოსავლიანობის ეს დადებითი ტენდენცია ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორთა საზოგადოების ურყევ ნდობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური დინამიკის მიმართ.

სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები

 
 

 

 

 

შიდა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით და ინვესტორთა მხრიდან არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდას და ვადიანობის გახანგრძლივებას 6 თვიდან 10 წლამდე. 2012 წელს ფინანსთა სამინსტრომ დაიწყო 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციების გამოშვება. ამის პარალელურად, 2011-2012 წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები (კუპონის და დისკონტის განაკვეთები) სტაბილურად მცირდება, რაც ასახავს ინვესტორების ნდობას საქართველოს ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის და არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის წამყვანი უწყება საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის კოორდინაციის კუთხით. დონორთა კოორდინაციის ძირითადი ამოცანაა დონორთა მხარდაჭერის ეფექტიანობის გაზრდა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების მორგება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებზე. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან ფინანსური რესურსის მოზიდვა მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით, რათა შენარჩუნებული იქნას სახელმწიფო ვალის არსებული ხელსაყრელი პარამეტრები.

ბრიუსელის დონორთა საერთაშორისო კონფერენცია: ფინანსური მხარდაჭერის სტრუქტურა დონორების მიხედვით (საჯარო სექტორში გაფორმებული თანხები)

 

 

2008 წლის ოქტომბერში ქ. ბრიუსელში საქართველოს მხარდასაჭერად გაიმართა დონორების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 35-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია. საქართველომ კონფერენციაში მონაწილე დონორებისგან მიიღო შეღავათიანი ფინანსური მხარდაჭერის დაპირებები საერთო მოცულობით 4.5 მილიარდი აშშ დოლარი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციის ასეთმა წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ბრიუსელის დონორთა საერთაშორისო კონფერენცია: ფინანსური მხარდაჭერის სტრუქტურა სექტორების მიხედვით

 

 

კონფერენციაზე მიღებული დაპირებების განხორცილება წარმატებულად მიმდინარეობს. საჯარო და კერძო სექტორებში დონორებთან უკვე გაფორმებულია შეთანხმებები დაპირებული თანხის მთლიან მოცულობაზე. დონორების ეს მხარდაჭერა ითვალისწინებს გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების და გრანტების გამოყოფას პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების და პროგრამების დასაფინანსებლად ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ურბანული და მუნიციპალური განვითარების სექტორებში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად და იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. დონორთა ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართება კერძო სექტორის მხარდასაჭერად. კონფერენციის შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსის ნაწილი უკვე ათვისებულია. დარჩენილი თანხების ათვისება გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაში, დონორების მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დინამიკის შესაბამისად. ათვისების ეს გრაფიკი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის და დასაქმების წახალისებას ქვეყანაში იაფი ფინანსური რესურსის შემოდინების გზით და შესაბამისად კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკის დაცულობას უარყოფითი გლობალური ეკონომიკური ფაქტორებისგან.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა