ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის ოფისის გახსნა საქართველოში

თარიღი: 20-ივლისი-2009

საქართველში კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობა იწყებს მუშაობას. მიმდინარე წლის 20 ივლისს, თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ: ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შაოიუ ჟაო.

საქართველო 2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს აზიის განვითარების ბანკთან. ამ პერიოდიდან ბანკი ეხმარება საქართველოს როგორც  ბიუჯეტის, ისე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.
„ADB-ის პორტფელმა საქართველოში 300 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. აქედან ფინანსდება ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები:  მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სკოლების რემონტი წყალგაყვანილობის, გაზიფიკაციის პროექტები,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
 
2008 წლის ოქტომბერში საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე ADB-სგან საქართველომ 300 მლნ აშშ დოლარის (2008-2010 წლების განმავლობაში) გამოყოფის  პირობა მიიღო. 2008 წელს საქართველომ ბანკისგან 70 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით გადმოერიცხა. ასევე გაფორმდა შეთანხმება 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მუნიციპალური საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაზე, რომლის განხორციელება ამჟამად მიმდინარეობს. წელს, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დამატებით 80 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი გამოუყო. მიმდინარე წლიდან ADB აგრეთვე დააფინანსებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაახლოებით 148 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

საქართველოში ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 19 ნოემბერს მოახდინა. ასევე მიღებულია სხვა საკანონმდებლო ბაზაც, რაც ხელს უწყობს ბანკთან თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ენერგეტიკა,  წყალმომარაგება, ჯანდაცვა, კერძო ბიზნესის განვითარება და სხვა.  

აზიის განვითარების ბანკი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში 1966 წელს დაფუძნდა და მასში გაწევრიანებული არიან აზიის, ამერიკის და ევროპის ქვეყნები. საქართველო აზიის განვითარების ბანკის 67-ე წევრი 2007 წლის თებერვალში გახდა.