ფინანსთა სამინისტროს „ახალი კურსის“ საჯაროობისთვის

თარიღი: 10-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ახალი კურსის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე,  როგორიცაა  - საჯაროობა და გადამხდელთა ცნობიერების ამაღლება.  „ესაა ქვაკუთხედი ახალი კურსის, რათა შეიქმნას სამართლიანი საგადასახადო სისტემა და მისადმი გაიზარდოს მოსახლეობისა და გადამხდელთა ნდობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ. მისი თქმით, ეს პროცესი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მუდმივად გაგრძელდება.

„ახალი კურსის“ საჯაროობა და ტრანსპარენტულობა გულისხმობს:

  •  ბიზნესის სექტორული შემოწმებების შედეგების შესახებ საზოგადოების დროულ ინფორმირებას - რომელ სექტორში რა ვითარებაა და როგორი მიდგომა აქვს საგადასახადოს სანქციის ან/და დაბეგვრის პრინციპების ჩამოყალიბებისას (მაგ: სათამაშო ბიზნესის ან/და ფარმაცეფტულ სფეროებში ბოლო პერიოდში განხორციელებული შემოწმებების შედეგების მოსახლეობისთვის გაცნობა).
  •  საინფორმაციო ბუკლეტების, წიგნაკების შემუშავება ცალკეული სექტორების მიხედვით, რომელიც ძალიან კომფორტული იქნება ამა თუ იმ სფეროში დასაქმებული მეწარმისთვის.
  •  ბიზნესსექტორის გადამზადება და ტრეინინგები. უკვე მიმდინარეობს მერიისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის განათლებას და ცოდნის დონის ამაღლებას. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ ამაღლდეს გადამხდელის ცნობიერება და მეორეს მხრივ, ადმინისტრირებაში მაღალი იყოს გადამხდელთა ჩართულობა მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებისთვის.
  •  „საგადასახადო წიგნაკის“ გამოცემა ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე კიდევ ერთი კარგი მექანიზმია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურთ აითვისონ ქართული ბაზარი, დეტალურად გაეცნონ ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობას.  
საჯაროობასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს „ახალი კურსი“ ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ამოქმედება, სანდო მომსახურება, სამართლიანი ადმინისტრირება. ახალი კურსი ასევე ითვალისწინებს ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას და არსებული კადრების გადამზადებას, რათა თითოეული მათგანი ორიენტირებული იყოს ბიზნესის წარმატებაზე.