ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რამდენიმე სკოლის დირექტორი დააკავა

თარიღი: 12-დეკემბერი-2011

ქრთამის აღების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულები არიან გორის რაიონის სოფლების: ფლავისმანის, ნიქოზის, გარეჯვარის საჯარო სკოლების დირექტორები. გიორგი ქარელი, მარინე თარაშვილი და მიხეილ ბიბილაშვილი და გარეჯვარის სკოლის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი სოფიო ჩალაური.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები საჯარო სკოლების გათბობისთვის შეშით მომარაგების საკითხზე, დანაშაულებრივად გაურიგდნენ ერთერთ ინდმეწარმეს, შეთანხმების თანახმად, ბრალდებულები მეწარმის საამქროდან შეიძენდნენ შეშას და მას სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდნენ შეშის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხას. რის შემდგომაც, ზედმეტად დარიცხული თანხის უკან დაბრუნება ქრთამის სახით მოხდებოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.