საგარეო ვალის დინამიკა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მართვა და მისი დინამიკა – ზოგადი მიმოხილვა 

სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთ–ერთი მთავარი ძლიერი მხარეა, რაც აღიარებულია ბოლო წლებში საქართველოსთან მომუშავე ორი სარეიტინგო სააგენტოს „Standard & Poor’s“ -ს და „Fitch“ –ის მიერ. აღნიშნული მიღწეულ იქნა წლების მანძილზე სახელმწიფო საგარეო ვალის პრაგმატული და კონსერვატიული მართვის შედეგად, აგრეთვე ქვეყნის მიერ მოზიდული სასესხო რესურსის ეროვნული განვითარების და საინვესტიციო პრიორიტეტების შესაბამისად გამოყენების მეშვეობით.

ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ძირითადად შეღავათიანია. უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და ქვეყნის განვითრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დასაფინანსებლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია მოიზიდოს სახელმწიფო სესხები უცხო ქვეყნების მთავრობებიდან და რეგიონული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2008 წელს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა ევროობლიგაციების სადებიუტო გამოშვება. აღნიშნულმა ტრანზაქციამ ქვეყანა გააცნო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებს და მრავალ მსხვილ ინსტიტუციონალურ ინვესტორს და შესაბამისად წარმოადგენდა ქვეყანაში დივერსიფიცერებული კაპიტალის შემოდინების წახალისების სტრატეგიის ერთ–ერთ საკვანძო ელემენტს.

I–V გრაფიკებზე ასახულია 2000–2008 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დინამიკა.

 

I გრაფიკზე საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი დაყოფილია კრედიტორების მიხედვით. მსოფლიო ბანკი წარმოადგენს უმსხვილეს კრედიტორს, რომლის სესხები შეღავათიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

         

II გრაფიკი ასახავს ორმხრივი და მრავალმხრივი სახელმწიფო საგარეო ვალის წილს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მთლიან მოცულობაში. მრავალმხრივი სახელმწიფო საგარეო ვალის წილი (ძირითადად შეღავათიანი პირობებით) ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად იზრდება, ხოლო 2008 წელს ამ მაჩვენებელმა საქართველოს სახელმწიფო საგარეო  ვალის  მთლიანი   მოცულობის 70%–ს მიაღწია.                                       

          

III გრაფიკი გვიჩვენებს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების მოცულობის თანაფარდობას ექსპორტთან და ბიუჯეტის შემოსავლებთან. აღნიშნული წილი სულ უფრო მცირეა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ძირითადად გრძელვადიანი ამორტიზაციის განრიგების, ბიუჯეტის შემოსავლების და ექსპორტის  ზრდის შედეგად.

            

IV გრაფიკის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის შეფარდებას მშპ–თან ასევე ახასიათებს მკაფიოდ გამოკვეთილი კლების ტენდენცია, რაც განპირობებულია საქართველოში ნომინალური და რეალური მშპ–ს სწრაფი ზრდით და დოლართან მიმართებაში ლარის კურსის შედარებითი გამყარებით.

          

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, V გრაფიკი ცხადყოფს, რომ ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობის შეფარდებას ექსპორტთან და საბიუჯეტო შემოსავლებთან სტაბილურად მცირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ხელს უწყობს.