საქართველოს კანონი:

საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

დოკუმენტის ტიპი:კანონი სფერო:
თარიღი 12/27/2005 12:00:00 AM

საქართველოს კანონი

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
3. ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ამოღებულია (13.10.2006 N3567)

მუხლი 2. კანონმდებლობა კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
1. კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ახალი საფუძვლების შემოღება ან არსებული საფუძვლების გაუქმება, აგრეთვე მისი მიღების უფლების მქონე პირთა წრის გაფართოება ან შემცირება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით.

მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები
ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
ა) სამართლიანობა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) მუდმივობა;
დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განცხადება – კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;
ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჯარო საქმიანობა – ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი  საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
დ) კომპენსაცია – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ე) კომპენსაციის მიმღები პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია;
ვ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე;
ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
თ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;
ი) კომპენსაციის პროპორციული განაწილება – ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის ოდენობის პროპორციულად განაწილება მისი მიღების უფლებამოსილების მქონე პირებზე; 
კ) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია – მეცნიერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; 
ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
მ) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის.

მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის
  საფუძვლები
1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება.
2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
 დ1) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს);  (13.10.2006 N3567)
ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით; (29.12.2006 N4277 ამოქმედდეს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანებისთანავე)
ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;
თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
კ) მეცნიერებს.
ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს. (17.03.2006 N2798)
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

მუხლი 6. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
4. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
5. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.
6. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე, თანაბრად მშობლებისა, და ნაშვილებ ბავშვებზე, თანაბრად შვილებისა.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

თავი II. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის ოდენობა

მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

თავი III. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო

მუხლი 8. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს
  შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
 სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის
  გაანგარიშება(29.12.2006 N4277 ამოქმედდეს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანებისთანავე)
1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა:
ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0,75%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
ბ) 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
გ) 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1,25%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
დ) 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1,5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. პირს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის უფლება. აღნიშნული არჩევანი შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდება ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები. (29.12.2006 N4277 ამოქმედდეს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანებისთანავე)

თავი IV. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია
ასაკის მიღწევის გამო

მუხლი 9. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთა
             კომპენსაციის გაანგარიშება (1.11.2008 N485)
1. პროკურატურის მუშაკს, თუ მას აქვს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი (მათ შორის, არანაკლებ 4 წლისა პროკურატურის სისტემაში), კომპენსაცია ენიშნება მხოლოდ პროკურატურის ორგანოებიდან „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გათავისუფლებისას და მისი ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

მუხლი 12. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
  კომპენსაციის გაანგარიშება
1. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ:
ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ბ) 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.  (13.10.2006 N3567)

მუხლი 13. საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება
1. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.  (13.10.2006 N3567)
2. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი პირობებით (მათ შორის, სავალდებულო 6-თვიანი ვადის პირობით) კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით.
4. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი.
5. ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ამ მუხლით გათვალისწინებული  პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა.

მუხლი 14. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება
1. პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას,  თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.
2. პარლამენტის აპარატის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო  ხელფასის მესამედი.

მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება (13.04.2007 N4619)
1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს  კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, კომპენსაციის დანიშვნის დროის მიუხედავად.

მუხლი 151. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის
  კომპენსაციის გაანგარიშება (17.03.2006 N2798)
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:
ა) მამაკაცს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ  6000 საათისა, ან ნაფრენი  6000 საათზე მეტი;
ბ) ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სახელმწიფო კომპანიებში ფრენასა და ნაფრენ საათებთან დაკავშირებით არ ვრცელდება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს. (20.06.2007 N4996)      
2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა) 100%-ის ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;
გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე  საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა  თვითმფრინავებს. (20.06.2007 N4996)

მუხლი 152. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი
  მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება (13.10.2006 N3567)
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.

თავი V. კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო

მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
  კომპენსაციის დანიშვნა
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.  (13.10.2006 N3567)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირთა სოციალური უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსთან დაკავშირებით რეგულირდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
  კომპენსაციის გაანგარიშება
1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: (13.10.2006 N3567)
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – სტატუსის დადგენის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.
2. პარლამენტის წევრებს (ყოფილ პარლამენტის წევრებს) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით.
3. პარლამენტის ყოფილ წევრებს:
ა) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%-ის ოდენობით.
4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: (17.03.2006 N2798)
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 151 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 70%;
ბ) მკვეთრად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 151 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 80%.

თავი VI. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო

მუხლი 18. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება
1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესითა და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ  ნამსახურობის სრულ ვადას.
2. ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის ოდენობა ნაკლებია მთელი ოჯახისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასანიშნი სარგებლის ოდენობების ჯამზე, ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს ამ კანონით ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ოჯახისთვის განსაზღვრული სარგებლის მიღების უფლება.  

მუხლი 19. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა
  (მუშაკთა) გარდაცვალების გამო
1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებზე მყოფი პირების, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელია. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს. (29.12.2006 N4277 ამოქმედდეს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანებისთანავე)
3. ამოღებულია . (22.06.2007 N5031)

მუხლი 20. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და  შვილებს (ასაკის მიუხედავად)  კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად)  კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
3. საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.

მუხლი 21. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების გამო
პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

მუხლი 22. კომპენსაცია საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

თავი VII. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება

მუხლი 23. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების ორგანო
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებაა.

მუხლი 24. კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობები
1. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:
ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  დანიშვნა,  მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა; 
ბ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებთა აღრიცხვა;
გ) მონიტორინგი და სახელმწიფო ზედამხედველობა, აგრეთვე მის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე რეაგირება კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
დ) სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;
ე) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  დანიშვნის, მისი გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
2. კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის დანიშვნა

მუხლი 25. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების უფლება-მოვალეობები
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებს უფლება აქვს:
ა) მიიღოს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  მიმღები ვალდებულია:
ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

მუხლი 26. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  დასანიშნად
  მიმართვა
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.
2. განცხადება შეიტანება განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 
3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია  ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.

მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას თანამდებობრივი სარგოს
  ინდექსაცია
ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას თანამდებობრივი სარგოს ინდექსაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

თავი IX. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  გაცემა

მუხლი 29. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის წესი
1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ნებისმიერ ადგილას,  მიმღების სურვილის მიხედვით.
3. მიმდინარე თვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა.
4. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

მუხლი 30. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  გაცემის
  შეჩერება და განახლება
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  გაცემა შეჩერდება:
ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ კომპენსაცია წარსული დროისთვის გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. (5.06.2007 N 4858)
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება მიმღების მიერ კომპეტენტურ ორგანოში  კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის შემდეგ და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.

მუხლი 31. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის
  შეწყვეტა და განახლება
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა შეწყდება:
ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას –მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე  გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის გაცემის შეჩერების ამ კანონის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; (5.06.2007 N 4858)
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – მისი კანონიერ ძალაში  შესვლის დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
ი) პირადი განცხადებით;
კ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით შეწყვეტილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა განახლდება:
ა) პირის გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისას;
ბ) საჯარო საქმიანობის შეწყვეტისას;
გ) კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემდეგ; (5.06.2007 N 4858)
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ;
ე) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან.
3. ამ მუხლის შესაბამისად შეწყვეტილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლებისათვის აუცილებელია განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში.
4. ამ  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე. (5.06.2007 N 4858)

მუხლი 32. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ  მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი X. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება

მუხლი 33. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან  თანხის დაკავება
1. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია მიმღების მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.

თავი XI. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყარო

მუხლი 34. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყარო
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

თავი XII. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

მუხლი 35. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


თავი XIII. გარდამავალი  დებულებანი

მუხლი 36. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება
1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა.
2. ქვემოთ ჩამოთვლილი  საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, კერძოდ:
ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონით „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“;
ე) საქართველოს ორგანული კანონით „პროკურატურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონით „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“.

მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით
ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით  მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

მუხლი 371. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრების მიერ
  კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება (14.12.2006 N3939)
1.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპენსაციის სახით მიიღონ ის თანხა, რომლის საპარლამენტო პენსიის სახით მიღების უფლებაც მათ წარმოეშვათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ არ უსარგებლიათ ამ უფლებით და არ მიუღიათ შესაბამისი თანხა. ამასთანავე, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობის გაანგარიშებისას კომპეტენტურმა ორგანომ გაცდენილი ვადის ათვლა დაიწყოს 2002 წლის 1 იანვრიდან.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაციის სახით აღნიშნული თანხის მიღების უფლება აქვთ, თუ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მისაღებად ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ 2007 წლის 20 იანვრამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპეტენტური ორგანო შესაბამისი კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკით 2008 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა.

მუხლი 38. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და
  გაცემის რეგულირება
ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 39. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
  დანიშვნის საფუძვლები
1. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა მეცნიერებზე, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირებზე – ამავე მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება: (27.12.2006 N 4132)
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში;
ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან  სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.  (27.12.2006 N 4132)
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია მიიღონ ამ მუხლით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სამეცნიერო ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის (სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის) არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან 50 წლის ან მეტი ასაკის, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან:
ა) პირადი სურვილით, თუ პირს აქვს შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.  (27.12.2006 N 4132)
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე. (27.12.2006 N 4132)
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში  პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური  წოდების მქონე პირთათვის; (27.12.2006 N 4175)
ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის; (27.12.2006 N 4175)
გ) 40%-ის ოდენობით – სხვა პირთათვის.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.  (27.12.2006 N 4132)
7. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე მიღებული დაფინანსება, გარდა შრომითი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული დაფინანსებისა, ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიად და მისი გაცემა გაგრძელდება, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მუხლების შესაბამისად.

მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2006 წლის 15 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების წესი.

მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა.
2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეორგანიზაციამდე ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ამ დაწესებულებებში სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, ამ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
3. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
4. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფისა და ჰარმონიზაციის შესახებ.
5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს წინადადებები მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფის შესახებ.

თავი XIV. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 42. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“.

მუხლი 43. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი. 
N 2549 - რს 

 

მიმღები ორგანო:
საქართველოს პარლამენტი