- მიგაჩნიათ, რომ საგადასახადო ან საბაჟო ორგანო არღვევს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს?
- საგადასახადო და საბაჟო ორგანო უარს ამბობს "გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის" შესრულებაზე?
- წარმოგიდგინეს "საგადასახადო მოთხოვნა", "საბაჟო შეტყობინება" ან საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართალებრივი აქტი და არ ეთანხმებით მას?
- თქვენი უფლებები შეგიძლიათ დაიცვათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში) ან სასამართლოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საჩივარი უნდა წარადგინოთ შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის/საბაჟოს ორგანოს მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ:
- "საგადასახადო მოთხოვნა" ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში;
- "საბაჟო შეტყობინება" ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში;
- სხვა სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
- "გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე" საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შესაგებელი შესაგებლის თქვენთვის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- "გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე" საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შესაგებლის 15 კალენდარული დღის ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში (რაც ნიშნავს უარს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე), დუმილით გამოწვეული უარი ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;
შემოსავლების სამსახურის მიერ თქვენს საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. საბჭოში საჩივარი უნდა წარადგინოთ შემოსავლების სამსახურის მეშვეობით.
- საჩივრის შეტანის ვადაა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თქვენთვის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღე
- თუ შემოსავლების სამსახურს თქვენს საჩივარზე არ მიუღია გადაწყვეტილება, დუმილით მიღებული უარის გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების მიღებისა და გაგზავნის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღე.
- ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ სასამართლოში გადაწყვეტილების თქვენთვის ჩაბარებიდან 9 კალენდარული დღის ვადაში, აგრეთვე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვიდან 9 კალენდარული დღის ვადაში.
გახსოვდეთ!
საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია ზემოთ აღნიშნული აქტების გასაჩივრების კონკრეტული ვადები, რომელთა დაცვა თქვენი საჩივრის განხილვის აუცილებელი პირობაა.
ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა საგადასახადო კოდექსით დაშვებულია მოქმედების განხორციელება დაზღვეული საფოსტო გზავნილით. უკანასკნელ შემთხვევაში, მოქმედება განხორციელებულად ითვლება, თუ იგი განხორციელდა ვადის ბოლო დღის 24 საათამდე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე.
გასაჩივრების ვადის დარღვევა მიიჩნევა პირის მიერ შესაგებლის, „საგადასახადო მოთხოვნის“, “საბაჟო შეტყობინების” ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის აღიარებად და იგი მიიქცევა აღსასრულებლად. ამასთან, ამ ვადების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.
|