პროგრამული ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვა
2009 წელს ახალი საბიუჯეტო კოდექსის მიღებით საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირდა პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის ვალდებულება, სადაც გაცხადებული იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 2012 წლიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები 2013 წლიდან უნდა დაგეგმილიყო პროგრამულ ფორმატში.
2009 წლიდან პილოტ სამინისტროებს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო) ეთხოვათ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, როგორც ტრადიციული ორგანიზაციული, ისე პროგრამული ფორმატით. 2010 წელს პილოტი სამინისტროების რაოდენობა გაიზარდა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო) და პარალელურ რეჟიმში პროგრამული ფორმატით მომზადდა, როგორც პილოტი სამინისტროების 2011 წლის ბიუჯეტის პროექტები, ასევე 2010 წლის პილოტი სამინისტროების პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები.
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და საქართველოს კონტროლის პალატასთან, ასევე საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა მხარესთან აქტიური კონსულტაციებით და თანამშრომლობით 2011 წელს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგია რაც დამტკიცებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2012 წლის საბიუჯეტო განაცხადი მხარჯავმა დაწესებულებებმა ფინანსთა სამინისტროს წარმოუდგინეს უკვე დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობამ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინა სრულიად ახალ, პროგრამულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ სამინისტროებისთვისა და სხვა მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებები გაწერილია მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით და აღნიშნული პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა წარმოდგენილია შესაბამისი პრიორიტეტების ფარგლებში. ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის პროგრამული ბიუჯეტის დანართი, რომელშიც წარმოდგენილია კანონის პროექტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები, ამ შედეგების შესრულების შეფასების ინდიკატორები და მათი საშუალო-ვადიან პერიოდში დაფინანსების მოცულობა.