|
|
დავების განხილვის საბჭო
დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს, რომელიც განიხილავს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საბჭო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი შემადგენლობა განისაზღვრება აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებისაგან.
საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
|
|