დღეს ქ. ლუქსემბურგში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ფინანსთა მინისტრ ჟილ როთს.
ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის საგადასახადო სფეროსა და საფინანსო სექტორში არსებული თანამშრომლობის საკითხები და გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
ლაშა ხუციშვულმა კოლეგას გააცნო ქვეყნის არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.
ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმს, რომლის მიზანია საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
განახლებული სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 27 მარტს OECD-ის საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ გამოქვეყნდა საქართველოს შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და შესაბამისად, საქართველოს მიენიჭა რეიტინგი: largely compliant.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარინე ხურციძე.