საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უწყების თითოეული თანამშრომლის და ფინანსთა მინისტრის დისკრედიტაციას.
სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 2014 წლის 2 იანვარს, ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პრემიის სახით წინასაახალწლოდ მიიღო 25 ათასი ლარი.
ვინაიდან აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დაგვიკავშირდნენ მედიასაშუალებები, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი.
აქვე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ მივიღოთ მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ბინძურ კამპანიაში და ყოველ შემდგომ ცილისმწამებლურ განცხადებაზე პასუხი გავცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზით.
ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იყო, არის და იქნება ღია ყველა, თუნდაც კრიტიკული, რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელებისთვისაც ღირებულია სიტყვის თავისუფლება, ობიექტურობა და ადამიანის უფლებები.