მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2019-2022 წლებისათვის საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი (Country Partnership Framework FY19-FY22) დაამტკიცა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის დახმარებით, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სექტორებში, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. მსოფლიო ბანკის ინსტიტუტები ხელს შეუწყობენ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელებას, ასევე საფინანსო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა დასახმარებლად.
„ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისში იმყოფებოდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია. ახალი ჩარჩო შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის, ეს არის მართლაც უნიკალური ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება მივიღოთ მსოფლიო ბანკისგან. საგაზაფხულო სესიაზე, მსოფლიო ბანკში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაფინანსების მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო დამატებით მიიღებს ფინანსურ რესურსს მნიშვნელოვანი რეფორმების დაფინანსებისთვის, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ადამიანური კაპიტალის განვითარებას უკავშირდება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
დოკუმენტი ასახავს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობას ქვეყნისათვის პრიორიტეტული მიმართულებებით და სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან.