დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტი
2013 წელს დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშროლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული იქნა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 15 ღონისძიებას. BEPS-ის პროექტის ძირითადი მიზანია, აგრესიული და საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთის მიზნით, ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტების დანერგვა.
BEPS-ის ფარგლებში შემუშავებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ OECD-ის ბმულზე:
http://www.oecd.org/tax/beps/beps-actions.htm
BEPS-ის პროექტის დანერგვის მიზნით 2016 წლის თებერვალში OECD-ს წევრი სახელმწიფოებისა და დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების მიერ დაარსებულ იქნა BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმა, რომლის წევრობა ითვალისწინებს BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. კერძოდ, BEPS-ის პროექტის ფარგლებში 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ვალდებულებას:

ინკლუზიური პლატფორმის წევრობა საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს თანასწორუფლებიან საფუძველზე ჩაერთონ BEPS-თან დაკავშირებული სტანდარტების შემუშავების პროცესში და მონაწილეობა მიიღონ წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული სტანდარტების დანერგვის შეფასებასა და მონიტორინგში.
საქართველოს ჩართულობა BEPS-ის პროექტში2016 წლის 14 ივნისს საქართველო მიუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას ასოცირებული წევრის სტატუსით. 2016 წლის 1 ივლისს დამტკიცდა ინკლუზიური პლატფორმის (IF) ხელმძღვანელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელშიც საქართველო ორჯერ იქნა არჩეული ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად. 2024 წლიდან საქართველო კვლავ გახდა ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის არჩეული წევრი, ორწლიანი ვადით.
საქართველომ, როგორც BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმის ასოცირებულმა წევრმა, აიღო BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ვალდებულება, კერძოდ:
• მე-5 ღონისძიება - საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთა მე-5 ღონისძიების მიზანია საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა შეღავათიანი რეჟიმების გადახედვის გზით და საზიანო საგადასახადო პრაქტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლა.

მე-5 ღონისძიების ფარგლებში შემუშავებული მინიმალური სტანდარტის დანერგვის პროცესს კოორდინაციას უწევს FHTP - საზიანო საგადასახადო პრაქტიკის ფორუმი, რომლის მიზანია უზრუნველყოს მე-5 ღონისძიების ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების შეფასება და მონიტორინგი. 2017 წელს აღნიშნული ფორუმის მიერ განხორციელდა საქართველოში არსებული პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმების შესწავლა. საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმების შეფასება ხორციელდება ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში. აღნიშნული მონიტორინგის თანახმად, საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები შეესაბამება OECD-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს (No recommendations).
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო მონაწილეობს საზიანო საგადასახადო პრაქტიკის ფორუმის (FHTP) მუშაობაში. 2017 წლის მარტიდან საქართველო არჩეულ იქნა FHTP-ის ბიუროს წევრ ქვეყნად.
„დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) ინკლუზიურ პლატფორმასთან მიერთებიდან გამომდინარე, წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2018 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დანერგა საზიანო საგადასახადო პრაქტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლის მექანიზმი.
• მე-6 ღონისძიება - საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა მე-6 ღონისძიების მიზანია საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა.

მე-6 ღონისძიების მინიმალური სტანდარტის დანერგვის განხორციელების მიზნით 2017 წლის 7 ივნისს, OECD-ის კვირეულის ფარგლებში, საქართველომ ხელი მოაწერა „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას (Multilateral Convention to Implement Tax Treaty Related Measures to Prevent Base Erosion and Profit Shifting (MLI)).
აღნიშნული კონვენცია შემუშავებული იქნა 2015 წელს BEPS-ის მე-15 სამოქმედო გეგმის მანდატის თანახმად შექმნილი სამუშაო ჯგუფის (ad-hoc group on Multilateral Instrument) მიერ, რომლის საქმიანობაში საქართველო ჩართულია დაარსებისთანავე.
მრავალმხრივი საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებული მე-6 ღონისძიების მინიმალური სტანდარტის დანერგვის მონიტორინგის მიზნით, 2018 წლიდან BEPS-ის N1 სამუშაო ჯგუფის მიერ ყოველწლიური მონიტორინგის ფარგელბში ხორციელდება MLI-ის ხელმომწერი 104 იურისდიქციის, მათ შორის საქართველოს შეფასება.
შეფასების შედეგად, აღიარებული იქნა, რომ საქართველომ დანერგა BEPS-ის მე-6 ღონისძიების მინიმალური სტრანდარტი.
2020 წელს საქართველო სამი წლის ვადით იქნა არჩეული OECD-ის ინკლუზიური პლატფორმის მიერ, საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნად, რომელიც ეხება „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას (BEPS MLI). 2023 წელს საქართველო განმეორებით აირჩიეს BEPS MLI თავმჯდომარე ქვეყნად და 2026 წლამდე უხელმძღვანელებს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციას.
• მე-13 ღონისძიება - ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლამე-13 ღონისძიება ითვალისწინებს ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლის დანერგვას.
აღნიშნულის მიზნით 2016 წლის 30 ივნისს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის შეხვედრის ფარგლებში, საქართველომ ხელი მოაწერა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ“ (CbCR) კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას. 2024 წლის 4 ივნისს CbCR-ის მიზნებისთვის გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე, რომელიც საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად ადგენს განახლებულ ანგარიშგების სტანდარტებს, საქართველოში მოქმედ მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფებისათვის.
• მე-14 ღონისძიება - დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის ზრდა მე-14 ღონისძიების მიზანია საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული დავების დროული და ეფექტური გადაწყვეტა.
მე-14 ღონისძიების ფარგლებში შემუშავებული მინიმალური სტანდარტის დანერგვის პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს FTA MAP Forum - გადასახადების ადმინისტრირების ფორუმის ფარგლებში მოქმედი ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფორუმი.
2017 წლის მაისიდან საქართველო მონაწილეობს FTA MAP Forum-ის საქმიანობაში. ასევე აღნიშნული პერიოდიდან საქართველო არჩეულ იქნა FTA MAP Forum-ის ბიუროს წევრად. 2023 წლიდან საქართველო წარმოადგენს OECD-ის და MAP Forum-ის ხელმძღვანელი ჯგუფის არჩეულ წევრ ქვეყანას, OECD-ის ინკლუზიური პლატფორმის წევრ 13 ქვეყანასთან ერთად.
2024 წელს მე-14 ღონისძიების მინიმალური სტანდარტის დანერგვის ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს შეფასება, რომელიც მოიცავდა 2016-2024 წლებს (no recommendations).